პროკურატურის ორგანიზებით, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან საინფორმაციო სახის შეხვედრა შედგა
საქართველოს პროკურატურა ოჯახში ძალადობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კვირეულს მართავს. მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სახის ღონისძიებები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს.
კვირეულის ფარგლებში მარნეულის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან, საინფორმაციო სახის შეხვედრა შედგა. პროკურორები მარნეულის საჯარო სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებს და 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეხვდნენ.
სემინარს ასევე საჯარო სკოლის დირექტორები, რაიონის მოსახლეობისთვის ცნობადი და ავტორიტეტული პირები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროკურატურის წარმომადგენლები საზოგადოებას იმ სამართლებრივი შედეგების შესახებ ესაუბრნენ, რაც თან ახლავს არასრულოწლოვანთან სქესობრივ კავშირს (ქორწინებას), თავისუფლების უკანონო აღკვეთას, გაუპატიურებას (ცოლად მოყვანის შემთხვევაში სქესობრივ კავშირს ძალადობით) და ოჯახურ ძალადობას.
ღონისძიების ფარგლებში მოხსენება გააკეთეს ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელმა, ექიმმა-გინეკოლოგმა და სოციალურმა მუშაკმა. მათ იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც მოყვება ნაადრევ ქორწინებასა და ძალადობას, რადგან მსგავსი ქმედებები იწვევს გარკვეულ ფიზიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ პრობლემებს. ასევე ისაუბრეს იმ ღონისძიებებზე, რაც დანაშაულის მსხვერპლის რეაბილიტაციისთვის უნდა გატარდეს.
„ოჯახური ძალადობის კვირეულის“ ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები არასრულწლოვანი მდედრობითი სქესის და ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის უფლებების დაცვას ისახავს მიზნად.