საქართველოს დედაქალაქად უნდა გამოცხადდეს სოხუმი – ბაჩო ახალაიას საგანგებო განცხადება

აფხაზეთის ანექსიის სახით დღეს საფრთხე ემუქრება სრულიად საქართველოს სიცოცხლეს, – ამის შესახებ შსს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს მნიშვნელოვანი ინიციატივით. აფხაზეთის ანექსიის სახით დღეს საფრთხე ემუქრება სრულიად საქართველოს სიცოცხლეს. ასეთ დროს სრულფასოვანი სახელმწიფოები იქცევიან ღირსეულად, ჩვენი ბოლო წლების, და განსაკუთრებით კი დღევანდელი ქცევები ტრაგი-კომიკურია.
გამომდინარე იქიდან, რომ ანექსიის საწინააღმდეგოდ არ ჩანს არანაირი ადეკვატური ქმედების ნიშნები და იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლების ლიტონი სიტყვები და ცარიელი განცხადებები მხოლოდ ვნებს ჩვენს ერთიანობას, გთავაზობთ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივას, რომლის მიხედვით საქართველოს დედაქალაქად უნდა გამოცხადდეს უძველესი ქართული ქალაქი სოხუმი.
ეს ყველას ერთად, ჩვენ და მთელ მსოფლიოს კიდევ უფრო მკაფიოდ დაგვანახებს, რისთვის ვიბრძვით, რას გვართმევს მტერი და რომ საქმე არა ცალკეულ ქართულ კუთხესთან, არამედ მთელი საქართველოს თავისუფლებასთან გვაქვს”, – ნათქვამია ბაჩო ახალაიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები