“იმედს ვიტოვებდი, რომ სოხუმი უფრო მყარად დადგებოდა და არ დაუშვებდა ამ გადაწყვეტილების მიღებას”

“იმედს ვიტოვებდი, რომ სოხუმი უფრო მყარად დადგებოდა და არ დაუშვებდა ამ გადაწყვეტილების მიღებას
იმის მიუხედავად რა ხელშეკრულებაზე მოაწერენ ხელს დღეს ხაჯიმბა და პუტინი, საქართველოსთვის მაინცდამაინც ვითარება ამ მხრივ არ იცვლება, აღნიშნული განცხადება უმრავლესობის ლიდერმა თინა ხიდაშელმა დღეს გააკეთა.
“იმის მიუხედავად რა ხელშეკრულებაზე მოაწერენ ხელს დღეს ხაჯიმბა და პუტინი, საქართველოსთვის მაინცდამაინც ვითარება ამ მხრივ არ იცვლება. გასაგებია, რომ სახელის დარქმევით, თუ სახელის დარქმევის გარეშე დღეს იქ ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება. მე მაინც იმედს ვიტოვებდი, რომ სოხუმი უფრო მყარად დადგებოდა და არ დაუშვებდა ამ გადაწყვეტილების მიღებას და ხელმოწერას იმიტომ, რომ თუ ვინმე არის ანექსიის საფრთხის პირობებში, პირველ რიგში ეს აფხაზები არიან, მაგრამ როგორც ჩანს მათ ეს საფრთხე ვერ დაინახეს”, – განაცხადა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” შეთანხმებას ხელს პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და რაულ ხაჯიმბა მოაწერენ. დე ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეთანხმების დოკუმენტი თითქმის ყველა, მათ შორის თავდაცვის სფეროში, მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს. შეთანხმების პროექტი ოფიციალური თბილისის გარდა უარყოფითად შეაფასა აფხაზეთის ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა. შეთანხმებასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტია “ამცახარა” სოხუმში აქციას მართავს. საქართველოს ხელისუფლებისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისწარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ამ შეთანხმებით რუსეთი აფხაზეთის ანექსიას ახდენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები