აუდიტის სამსახური 5 სამინისტროს ამოწმებს – „რომელიმე მინისტრი თუ მოხსნეს, ჩვენ ნუ დაგვაბრალებთ“

აუდიტის სამსახურის მიერ სხვადასხვა უწყებებში აღმოჩენილ დარღვევებზე პროკურატურაში 28 საქმეა გადაგზავნილი – ამის შესახებ აუდიტის სამსახურის უფროსმა, ლაშა თორდიამ გადაცემა “არჩევანში” განაცხადა. მისი თქმით, დოკუმენტაცია არ ეხება მხოლოდ სამინისტროებს, აქ შედის მუნიციპალიტეტები და საქვეუწყებო დაწესებულებები.
ლაშა თორდიას ინფორმაციით, ამ დროისთვის აუდიტის სამსახური 5 სამინისტროს: ლტოლვილთა და განსახლების, სპორტის, საგარეო საქმეთა, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებს ამოწმებს.
“თუ რომელიმე ამ სამინისტროს მინისტრი მოხსნეს, ჩვენ ნუ დაგვაბრალებთ”, – აღნიშნა თორდიამ.
მისივე განცხადებით, აუდიტის სამსახური  შსს-ს, მთავრობის კანცელარიის, განათლებისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შემოწმებასაც გეგმავს. მისივე თქმით, აუდიტის სამსახურის თანამშრომლები ყოფილი მინისტრის მაია ფანჯიკიძის დროინდელ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსურ დოკუმენტაციას სწავლობენ. თორდიას ინფორმაციით, შემოწმება მაია ფანჯიკიძის მინისტრობის დროს დაიწყო და ამ დრომდე გრძლდება. აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსურ დოკუმენტებში რაიმე დარღვევის ნიშნები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები