ემზარ კვიციანს თავისუფლების 12 წლით აღკვეთა მიუსაჯეს
კოდორის ყოფილ რწმუნებულს ემზარ კვიციანს თავისუფლების 12 წლით აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ კვიციანი დამნაშავედ სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხის მოწყობასა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების შექმნაში ცნო.
ბრალდებული სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა. განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდნენ არც პროკურორები.
კვიციანის ადვოკატის რევაზ კახნიაურის განცხადებით, მოსამართლემ მიიღო ზუსტად ის განაჩენი, რასაც პროკურატურა ითხოვდა.
„შოთა ბიჭიას დღევანდელი გადაწყვეტილება არის სამარცხვინო. მან დღეს „გააპრავა“ სააკაშვილის ხელისუფლება. ის ადამიანები, ვინც კოდორი დაკარგეს, დღეს თავისუფლები არიან. ის კი, ვინც სახელმწიფოს 15 წელი ეს ხეობა შეუნარჩუნა, დღეს გაასამართლეს“, – განაცხადა რევაზ კახნიაურმა.
ადვოკატის თქმით განაჩენი უახლოეს დღეებში გასაჩივრდება.
შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანი 2006 წლიდან მიმალვაში იმყოფებოდა. ის საქართველოში მიმდინარე წლის თებერვალში ჩამოვიდა და ის სამართალდამცველებმა აეროპორტშივე დააკავეს.