საქართველოს პარლამენტში ტოლერანტობის დღე აღინიშნა

  ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით, ეროვნული უმცირესობებისთვის და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებისთვის საქართველოს პარლამენტში საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს ადამიანის უფლებათა დავისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია მიესალმა. მისი განცხადებით, ტოლერანტობა ადამიანის უფლებების და განსხვავებული მოსაზრებების პატივიცსემას, კანონის და სამართლის უზენაესობას და შემწყნარებლობას წარმოადგენს, რომელიც ყოველთვის გამორჩეულად იყო საქართველოში. „ტოლერანტობის ხაზგასმა და ამ დღის განსაკუთრებით აღნიშვნა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება და ბუნებაა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ისტორიული ხაზი, რომელიც საქართველოს გამოარჩევდა თავისი ტოლერანტობით, შენარჩუნდეს და ყველა მიმართულებით ვაჩვენოთ, რომ მიუხედავად განსხვავებულობისა, ერთმანეთის მიმართ მაღალი პატივისცემით განწყობილნი ვართ“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებაზე სიტყვით პარლამენტის წევრები, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი და ცალკეული სტუმრები გამოვიდნენ.
1995 წლის 16 ნოემბერს ტოლერანტობის პრინციპების შესახებ იუნესკომ დეკლარაცია მიიღო და ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება. ტოლერანტობის დღეს, საზოგადოებაში ცოდნის გაღრმავების, შეუწყნარებლობის საფრთხეებზე ყურადღების გამახვილებისა და მასთან დაკავშირებული განათლების მიმართულებებისთვის გარკვეული ღონისძიებები ეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები