გახდა თუ არა ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი საზღვარგარეთ გამართული მოლაპარაკებები – ვახტანგ კაპანაძე კომენტარს აკეთებს
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე არც ადასტურებს და არც უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი საზღვარგარეთ შეიარაღების შეძენაზე გამართული მოლაპარაკებები გახდა. მისი თქმით, მოლაპარაკებები აქამდეც მიმდინარეობდა და მას მომავალში ახალი მინისტრიც გააგრძელებს. კაპანაძე აცხადებს, რომ საუბარი სხვადასხვა ტიპის იარაღის შეძენას ეხება.
“რადგან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და არ დასრულებულა, ვერც იარაღის სისტემას და ვერც შედეგს ვერ დავასახელებ.ზოგადად არამხოლოდ ამერიკაში, არამედ სხვა ქცეყნებშიც ჩვენ მუდმივად გვაქვს მსგავსი შეხვედრები და მოლაპარაკებები, ეს არის მიმდინარე პროცესი. იქონია თუ არა ამან რამე გავლენა, ნამდვილად ვერ ვიტყვი. ახალმა მინისტრმაც უნდა გააგრძელოს მსგავსი მოლაპარაკებები, ეს არის სამხედრო პოლიტიკის აუცილებელი პირობები“, – განაცხადა კაპანაძემ.
კომენტარი ამ თემაზე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა კრწანისის სასწავლო ცენტრში გააკეთა, სადაც აშშ-ს არმიის ამერიკული სარდლობის ხელმძღვანელი სწავლება “დიდგორი 2014”-ის მიმდინარეობას პირადად გაეცნო.