ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს და თბილისს მთელი კავკასია ტოლერანტობის ცენტრად იცნობდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, “ევროპის მოედანზე” მდებარე ერთ-ერთ სკვერს “ტოლერანტობის სკვერი” ეწოდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტოლერანტობა ის დემოკრატიული ღირებულებაა, რომლის დასამკვიდრებლად საქართველოში დიდი ძალისხმევა არასოდეს ყოფილა საჭირო, რადგან ის ისტორიულად არსებობდა.
სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ყურადღება საქართველოში არსებულ ტრადიციებზე და სხვადასხვა კულტურებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობაზე გაამახვილა.
“საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანას ამის დიდი ტრადიცია აქვს. საქართველოს და თბილისს ტოლერანტობის ცენტრად იცნობდა მთელი კავკასია. თბილისი იმ ღირებულებებით ცხოვრობდა, რომლისთვისაც უცხო იყო რელიგიური და ეთნიკური ნიშნით შეუწყნარებლობა. თბილისისთვის ყოველთვის ორგანული იყო უმცირესობების პატივისცემა. თბილისში, ერთ, სულ პატარაa უბანში, საუკუნეებია გვერდიგვერდ იდგა და დგას სინაგოგა, მეჩეთი, სომხური სამოციქულო ეკლესია და მართმადიდებლური ტაძარი. აქ, ჩვენს ქალაქში, ერთ ეზოში, ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ ებრაელები, სომხები, იეზიდები, ასირიელები, რუსები, უკრაინელები და სხვები, რომლებიც მეგობრობდნენ და ერთმანეთის ჭირსა და ლხინს იზიარებდნენ. ასე გრძელდება დღესაც, და ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ ამით,”-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები დაესწრნენ.