ვანო მერაბიშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა

  ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის აქციის მონაწილეებს მიმართა. ექსმინისტრის მიმართვა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
“მინდა მოგესალმოთ საქართველოს ყველა პატრიოტს რომელიც მიუხედავად პატრიული კუთვნილებისა, თუ პოლიტიკური მოსაზრებებისა, დღეს აქ შეიკრიბეთ და გამოთქვამთ პროტესტს იმ ქმედებების გამო, რომელსაც ოკუპანტი ახორციელებს ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ.
გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ დღეს, როდესაც მთელს მსოფლიოში მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა რუსეთის იმპერიალისტური განზრახვებისა და ქმედებების შეფასებაზე და ტელი ცივილიზებული სამყარო უპირისპირდება მას, ჩვენი ქვეყანა განზე აღმოჩნდა ამ პროცესებისგან და საერთოდ ამოვარდნილი ვართ საერთაშორისო დღის წესრიგიდან.
საქართველო მართლაც ჰგავს კავკასიაზე მიჯაჭვულ ამირანს. როგორც კი იგი ძლიერდება, უახლოვდება ჯაჭვის გადაჭრას, მაშინვე ხდება რაღაც, რაც საქართველოს კვლავ უკან აბრუნებს და აშორებს თავისუფლებას. სამწუხაროდ სწორედ მაშინ, როდესაც რუსეთი სუსტდება, საქართველო არ არის შინაგანად ერთიანი და საკმარისად ძლიერი, რათა საბოლოო დამოუკიდებლობა მოიპოვოს.
ასე იყო 1918-21 წლებში, როდესაც საქართველო არ იყო ერთიანი და იმპერიის დაშლის შანსი სათანადოდ ვერ გამოიყენა.
ასე იყო 90-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ჩვენ შიდა დაპირისპირებით ვიყავით დაკავებული.
ასე იყო 1993 წელსაც, როდესაც სოხუმი დაეცა, ხოლო ჩვენ შიდა ომი გვქონდა. მაშინ ჩვენ სულ რაღაც 2 თვე მაინც, ერთიანები რომ ვყოფილიყავით, იმ დროს, როდესაც რუსული ტანკები მოსკოვში რუსეთის დუმას ბომბავდნენ ჩვენ აფხაზეთის გადარჩენას შევძლებდით.
დღესაც ასეა. დღეს, როდესაც მსოფლიო ყველაზე მეტად არის მობილიზებული რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ამოქმედდა სანქციები, ხოლო რუსეთი მრავალ ფრონტზეა დაკავებული, სწორედ ახლა საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო პოზიციები უკავია.
თითოეული თქვენგანი, ვინც ამ წუთას ამ მოედანზე იმყოფებით, ხართ ჯარისკაცი, რომელიც თავის ვალს იხდის ქვეყნის და შთამომავლობის წინაშე. თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ იმით, რომ პირადად მონაწილეობთ საქართველოს ისტორიის შექმნაში!”, – ნათქვამია მერაბიშვილის მიმართვის ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები