საქართველოს პრეზიდენტი ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს ასტრიდ თორსის შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეუთოს კომისარი საქართველოში ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვის მხრივ არსებულ ვითარებას გაეცნო. ასტრიდ თორსი პრეზიდენტის ხედვითაც დაინტერესდა და რეგიონებში უმცირესობების პირობებზე გაამახვილა ყურადღება. ეუთოს უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, რომ იგი დადებითად აფასებს პრეზიდენტის დამოკიდებულებას და სახელმწიფო პოლიტიკას ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვის მიმართულებით. „მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ხვდება სხვადასხვა ჯგუფს და ზრუნავს მათზე“, – განაცხადა თორსმა.
შეხვედრას, რომელიც სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა, ეუთოს ეროვნული უმცირესობების საკითხებში უმაღლესი კომისრის პირადი მრჩეველი სიპრა რაუტიო, სექციის უფროსი სამართლებრივ საკითხებში ვინსენტ დე გრააფი, უფროსი პოლიტიკური მრჩეველი კაუპო კანდი ესწრებოდნენ.