ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო დავების განხილვას რეგიონებშიც იწყებს

    საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმდინარე წლის თებერვლიდან გადამხდელების ინტერესების გათვალისწინებით და მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით, საგადასახადო დავების განხლვის საბჭოს გასვლით სხდომებს რეგიონებშიც გამართავს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივის განხორციელების შედეგად, საქართველოს რეგიონების მაცხოვრებლებს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში შეტანილი საჩივრების განსახილველად აღარ დასჭირდებათ დედაქალაქში ჩასვლა, რაც მათ დანახარჯების შემცირებისა და დროის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, იციციატივის მიზანი დავების განხილვის საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფაა. პირველი გასვლითი სხდომა 20 თებერვალს, იმერეთის რეგიონში, ქალაქ ქუთაისში იგეგმება. სხდომაზე განიხილება იმერეთის რეგიონიდან გადასახადის გადამხდელთა 25 საჩივარი. დავების საბჭოს სხდომას, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი უხელმძღვანელებს. ყოველ მომდევნო გასვლით სხდომას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კონკრეტული რეგიონიდან შემოსული საჩივრების რაოდენობის მიხედვით გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები