დავით ნარმანია: დღეიდან ჩვენ ვიწყებთ თბილისში ერთი მილიონი ხის დარგვას

  დღეიდან ჩვენ ვიწყებთ თბილისში ერთი მილიონი ხის დარგვას – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისი თქმით, მომდევნო წლის გაზაფხულიდან გამწვანების პროცესი აქტიურ ფაზაში შევა.
მისივე განცხადებით, თბილისის მერიამ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება და დიღმის ტყე-პარკს, რომელსაც სარეკრეაციო ზონის სტატუსი დედაქალაქის წინა მთავრობის დროს მოეხსნა, ეს სტატუსი აღუდგება.
„დღეს ისტორიული დღეა. დღეიდან ჩვენ ვიწყებთ თბილისში ერთი მილიონი ხის დარგვას. ეს წინასაარჩევნო პროგრამის შემადგენელი ნაწილია, რომლითაც ამომრჩეველს რეკრეაციულად უფრო განვითარებულ ქალაქს დავპირდით. შემოდგომაზე გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში, ქალაქსა და მის შემოგარენში არსებულ ტყე-პარკებში, სკვერებსა და ბაღებში 20 000-მდე ხე დაირგვება, 7000-ზე მეტი ნარგავით განაშენიანდება თბილისში არსებული ყველა საბავშვო ბაღის ეზო. სწორედ ამიტომ, გამწვანება თბილისის მერიამ დიღმის ტყე-პარკიდან დაიწყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე ვერავინ ხეს ვერ მოჭრის და უკანონო მშენებლობას ვერ დაიწყებს,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის გამწვანების საშემოდგომო სეზონი ტყე-პარკების მასშტაბური განაშენიანებით დაიწყო.
დედაქალაქის გამწვანებისა და ხეების დარგვის პროგრამა, რომელიც თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და რეკრეაციული ზონის გაზრდას ისახავს მიზნად, თბილისის მერის, დავით ნარმანიას ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ტყე-პარკების მასშტაბური განაშენიანების ფარგლებში, მცენარეები თანმდევი მომსახურებით დაირგვება, რაც მათ შემდგომ მოვლა-პატრონობას და გახარების მაღალ კოეფიციენტს გულისხმობს. ამასთან, კონტრაქტორ კომპანიებს ხელშეკრულებით აღებული აქვთ ვალდებულება, ხმობის შემთხვევაში, ნარგავები შესაბამის სეზონზე ახალი ნერგებით ჩაანაცვლონ.
გამწვანების აქციაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები, ახალგაზრდული და გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამწვანების აქციები ეტაპობრივად ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები