შპს „ქართული კვების კომპანიამ“ თავდაცვის სამინისტროს 50 ათასი ლარი უნდა გადაუხადოს

საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, შპს „ქართული კვების კომპანიას’’ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა, – ამის შესახებ „კვირას“ საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსამართლე დავით ღიბრაძემ თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.
თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე თვის წინ შპს „ქართული კვების კომპანიის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელში თავდაცვის სამინისტრო სასამართლოსგან შპს „ქართული კვების კომპანიაზე“ დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურების დაკისრებას ითხოვდა.
საქმე ეხება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ქართული კვების კომპანიას’’ შორის 2013 წლის 20 ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებას. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფა ევალებოდა.
„კერძოდ: შპს „ქართული კვების კომპანიას’’ 20.07.2013 წლის №412 ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტებზე, ამავე ხელშეკრულების 15.1 პუნქტის მიხედვით – 05.09.2013 წლის №412-01 აქტით დაერიცხა პირგასამტეხლო 10000 ლარი, 11.09.2013 წლის №412-02 აქტით დაერიცხა პირგასამტეხლო 10000 ლარი, 25.09.2013 წლის №412-03 აქტით დაერიცხა პირგასამტეხლო 10000 ლარი, 25.09.2013 წლის №412-04 აქტით დაერიცხა პირგასამტეხლო 10000 ლარი და 25.09.2013 წლის №412-05 აქტით დაერიცხა პირგასამტეხლო 10000 ლარი. სულ: 50000 ლარი. კომპანიის მიერ დარიცხული პირგასამტეხლოს ნებაყოფლობით გადახდა არ განხორციელებულა“, – ნათქვამია სასარჩელო განცხადებაში.
სწორედ ამის გამო, თავდაცვის სამინისტრომ შპს „ქართული კვების კომპანიას“ სასამართლოში უჩივლა. სასარჩელო განცხადებაში სამინისტრო კომპანიაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურების დაკისრებას ითხოვდა.
„კვირა“ შპს „ქართული კვების კომპანიასაც“ დაუკავშირდა. როგორც კომპანიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოფო ქაშაკაშვილმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც კომპანიას სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდება, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები