არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერთან და მთავრობის ყოფილ წევრებთან შეხვედრას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო პერიოდის მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და პრემიერთან და მთავრობის ყოფილ წევრებთან შეხვედრას ითხოვენ.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, ყოვლად დაუშვებელია, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისგან თუ პირისგან, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისა თუ პიროვნული დაპირისპირების გამო საფრთხე შეექმნას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და დასავლეთთან ინტეგრაციას, ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობას.
“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იმ მოვლენებს, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე განვითარდა. პროკურატურის მიერ თავდაცვის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას და წაყენებულ ბრალდებებს თავდაცვის მინისტრისგან მოჰყვა პროკურატურის პირდაპირი დადანაშაულება მიზანმიმართულ დევნასა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკის განზრახ შეფერხებაში. ამის გამო პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა. ყოფილი თავდაცვის მინისტრის მსგავსი განცხადება გააკეთეს და თანამდებობიდან გადადგნენ საგარეო საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს ელჩმა ნატოში. ამ ყველაფერთან დაკავშირებით პოლიტიკოსების მხრიდან ისმის ბრალდებები, ხშირ შემთხვევაში უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპების უგულებელყოფით. ასევე, როგორც ჩანს, ამ პროცესში ყოფილი პრემიერ-მინისტრიც აქტიურად არის ჩართული. არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით წუხილი გამოთქვეს საქართველოს მოკავშირე და მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებმა.
მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებმა ოფიციალურად უარყვეს ბრალდება ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევის შესახებ, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებას სჭირდება გაცილებით უფრო ღრმა და შინაარსობრივი პასუხები გაჩენილ შეკითხვებთან დაკავშირებით.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების გზა არის ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი. ყოვლად დაუშვებელია, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისგან თუ პირისგან, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისა თუ პიროვნული დაპირისპირების გამო საფრთხე შეექმნას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და დასავლეთთან ინტეგრაციას, ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობას.
ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ვერ დავრჩებით გულგრილნი და პასიურნი იმის ფონზე, როდესაც მთავრობის ყოფილმა წევრებმა დასვეს საკითხი საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით პრობლემების განზრახ შექმნის მცდელობაზე და ვთხოვთ, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ისე მთავრობის ყოფილ წევრებს შეხვედრას იმისთვის, რომ მოვისმინოთ მათი შეფასებები შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: “ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი” (IDFI), “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “ადამიანის უფლებათა ცენტრი”, “იდენტობა”, “სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), “მრავალეროვანი საქართველო”, “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები