აზერბაიჯანში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აზერბაიჯანში, სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული ექში ჰალილი დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ექში ჰალილის დაკავების და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით, საქართველოს ინტერპოლის წითელი ცირკულარით, საერთაშორისო ძებნაში 2014 წლის 20 აგვისტოდან იმყოფებოდა. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც მითვისება/გაფლანგვას და ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ექში ჰალილი კომპანია „TEK-EV INSAAT DECORATION TAHHUT ICH EV DISTIJARET LIMITED SIRKETI Ltd“-ის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, როდესაც აღნიშნულმა კომპანიამ ბათუმის თოჯინების და ახალგაზრდობის სახელმწიფო თეატრის რეკონსტრუქციისთვის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. მან დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, ბოლომდე არ შეასრულა თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ყალბი ინვოისების გამოყენებით თეატრის ბიუჯეტიდან 86 663, 23 ლარი მიითვისა, რითაც სახელმწიფოს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ზარალი მიაყენა. ამჟამად ექში ჰალილის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები