ირაკლი ალასანია მაღალჩინოსნების დაკავების საკითხზე პრემიერთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას გეგმავს
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავების საკითხზე უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დისკუსია უნდა გაიმართოს – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განუცხდა. როგორც მინისტრმა განმარტა, ის აღნიშნულ საკითხზე პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას გეგმავს.
“ვინაიდან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ამით ზიანი მიადგა, აუცილებელია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შედგეს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დისკუსიები. მე დაგეგმილი მაქვს საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრა – პრემიერ-მინისტრთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტებთანაც ვგეგმავ შეხვედრას”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მინისტრი აცხადებს, რომ, როცა ყველაფერი დასრულდება, ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. როგორც ალასანიამ აღნიშნა, “უკვე იმ პირების პასუხისმგებლობა დადგება, ვინც, შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება”.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.
თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ ხუთივე მაღალჩინოსანს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და უარყო დაცვის მხარის მოთხოვნა – დაკავებული პირები გირაოს სახით გაეთავისუფლებინა.