“მზად ვართ, ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, რომელიც ურთიერთსასარგებლო იქნება როგორც ამერიკისთვის, ასევე – საქართველოსთვის” – მათიკაშვილი

“საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები გააქტიურებულია”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, პოზიტიურია ის გზავნილები, რაც ქვეყნებს შორის არსებულ მოცემულობაზე გვესმის.

“კარგად გვახსოვს, თუ რა დოზით დაზიანდა საქართველო-ამერიკის ურთიერთობა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში. განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოდან მეხუთე კოლონას ინფორმაციები წინა ადმინისტრაციაში მიჰქონდა, როცა ომის ქარცეცხლი იყო. მაშინ, როცა უკრაინაში ომი იყო, ბაიდენის ადმინისტრაცია იცლიდა და საქართველოს საკითხით დიდი დოზით ინტერესდებოდა, ეს მაშინ, როცა საქართველო ყველაზე ნაკლებად იყო აქტუალური. ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს ვხედავდით, რაც არაფორმალურ ძალებს სჭირდებოდათ, როგორც ამერიკის წინა ადმინისტრაციას, ასევე საქართველოში მოქმედ მეხუთე კოლონას, რომელიც ქვეყნის გარედან ჯამაგირს და კონკრეტულ დავალებებს იღებდა. რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ბუნებრივია, ვიზიტს დაველოდებით. ჩვენი იდეოლოგიური თანხვედრა იმედს იძლევა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა განახლდება.

მზად ვართ, ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, რომელიც ურთიერთსასარგებლო იქნება როგორც ამერიკისთვის, ასევე – საქართველოსთვის“, – თქვა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები