გეკა გელაძემ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ, მოადგილესთან, გიორგი სახოკიასთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს აკადემიაში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებთან დაკავშირებული დეტალები და სასწავლო სილაბუსების შემუშავების საკითხები.

გეკა გელაძემ ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებების კონტექსტში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე – აკადემიის ინსტიტუციურ განვითარებაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სასწავლო დაწესებულებაში მიმდინარე პროექტების მხარდაჭერას.

გარდა ამისა, შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა სრული ინფორმაცია მიიღო აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვისა და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 1-ელ მარტს, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას, უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები