რომან გოცირიძე: შეეცდება პარლამენტი ვეტოს დაძლევას? დაიმსახურებს ხალხის რისხვას

პრეზიდენტის ვეტოს ფარული მოსმენა-მიყურადების შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე ეხმაურება. ექსპერტი რომან გოცირიძე „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილმა შორსმჭვრეტელობა და გამბედაობა გამოავლინა.

„ხელისუფლების დანაწილების პრინციპი არის კაცობრიობის ერთ-ერთი მონაპოვარი და ყოველი მცდელობა მისი შეზღუდვისა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უშლის ხელს. საქართველოს პრეზიდენტის ვეტო მოსმენების კანონთან დაკავშირებით ამის ნათელი ნიმუშია. როგორადაც არ უნდა შეიზღუდოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები, მას ყოველთვის დარჩება კანონებზე საბოლოო დასტურის უფლება და, შესაბამისად, მნიშვნელოვანი როლი პოლიტიკურ ცხოვრებაში. პრეზიდენტთან ბრძოლაში შეიძლება ბევრმა წაიმტვრიოს ფეხი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გიორგი მარგველაშვილმა გამოავლინა შორსმჭვრეტელობა და გამბედაობა. შეეცდება პარლამენტი და მთავრიბა ვეტოს დაძლევას? დაიმსახურებს ხალხის რისხვას“, – აცხადებს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებს ხელი არ მოაწერა.
პარლამენტმა გუშინ მიიღო ცვლილებები “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში, თუმცა ვინაიდან პრეზიდენტმა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში ცვლილებებს ხელს არ მოაწერა, შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს ფარული მოსმენა-მიყურადების და ასევე კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის შენახვის უფლება აღარ ექნება. ასევე პარლამენტის მიერ გუშინ დამტკიცებულ კანონზე ვეტოს დადების გამო პირველი ნოემბრიდან ძალაში შედის ნორმა, რომლის მიხედვითაც, შსს-ს “ოტო”-ს სამსახურს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, სერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან, კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებობების გამოყენების, სათანადო აპარატურის და ტექნიკური მოწყობილობების განთავსება-მონტაჟის კანონიერი უფლება წაერთვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები