თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებს პატიმრობა შეეფარდათ

თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ ხუთივე მაღალჩინოსანს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და უარყო დაცვის მხარის მოთხოვნა – დაკავებული პირები გირაოს სახით გაეთავისუფლებინა.
როგორც პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განმარტა, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული უნდა ყოფილიყო პატიმრობა, რათა ამ პირებმა, რომლებიც არიან მაღალი თანამდებობის პირები, მოწმეებზე ზეგავლენა არ მოახდინონ.
პროკურორმა დაცვის მხარის ბრალდებებსაც უპასუხა და განაცხადა, რომ ისინი საზოგადოების დეზინფორმირებას ეწევიან, როდესაც აცხადებენ, რომ მათ მასალების გაცნობის საშუალება არ მისცეს. წიკლაურის განმარტებით, ადვოკატები ორი დღის განმავლობაში მასალების გაცნობაზე უარს თავადვე ამბობდნენ.
ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ვინაიდან საქმეს გრიფი “საიდუმლო” ადევს, პროცესი დახურული იყო. პატიმრობის შესახებ შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა.
წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები