შსს-ს დელეგაციამ გაეროში ქბრბ უსაფრთხოების ეროვნული პოლიტიკის შესახებ პრეზენტაცია გამართა

ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის პარალელურად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის ინსტიტუტის (UNICRI) ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება – „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების შემცირების ეროვნული სამოქმედო გეგმები: პასუხი საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევებს“.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესახებ პრეზენტაციით წარდგა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას მინისტრის მოადგილე ლევან იზორია ხელმძღვანელობს. მან სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და გააცნო ქვეყანაში ქბრბ უსაფრთხოების გაუმჯობესების სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი მიდგომის შედეგად გადადგმული ნაბიჯები. დამსწეებს სიტყვით ასევე მიმართეს გაეროში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა კახა იმნაძემ, გაეროს უშიშროების საბჭოს N1540 რეზოლუციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახურის განიარაღებისა და გაუვრცელებლობის, კონფლიქტების პრევენციისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დირექტორატის სამმართველოს უფროსმა, ასევე გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის ინსტიტუტის (UNICRI) დირექტორმა, გაეროს გენერალური მდივნის კაბინეტის ხელმძღვანელმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა. ღონისძიებაზე ხაზი გაესვა ქბრბ უსაფრთხოების პოლიტიკის განვითარების სფეროში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და მის მიერ აღნიშნულ სფეროში სხვა ქვეყნებისთვის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობასა და აუცილებლობას.
აღსანიშნავია, რომ საქართველო სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ქბრბ საფრთხეების ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა და მისი იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, ქართული მხარის კოორდინაციით განხორციელდა ამ ქვეყნების მონაწილეობა ნიუ-იორკში გამართულ ღონისძიებაში. ქბრბ უსაფრთხოების სფეროში ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბების ინიციატივა საქართველოს პრემიერ – მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის. აღნიშნულ სფეროში ქვეყანაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ შსს-ს ხელმძღვანელობით შეიქმნა შესაბამისი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის ფარგლებშიც სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმა შემუშავდა.
“სამოქმედო გეგმის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნის მასშტაბით ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეებისა და პრობლემების საპასუხოდ ერთიანი მექანიზმის შექმნას. აღნიშნული მექანიზმი მიმართული იქნება ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების პრევენციასა და გამოვლენაზე, ისევე, როგორც მათზე მზადყოფნასა და რეაგირებაზე. დოკუმენტის საფუძველზე შესაძლებელი გახდება საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, ქბრბ საფრთხეების შემცირებაში ჩართული უწყებების შესაძლებლობების გაუმჯობესება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ღონისძიებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მუდმივმოქმედი მისიის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები დაესწრნენ. თავიანთ ეროვნულ სამოქმედო გეგმებზე ასევე ისაუბრეს ფილიპინების, მაროკოს, კამბოჯისა და სერბეთის წარმომადგენლებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები