აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის ეკონომიკური ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სამუშაო ჯგუფის მორიგი მე-7 შეხვედრა მიმდინარეობს.
სამუშაო ჯგუფს ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე ხელმძღვანელობენ.
ამერიკული მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები არიან სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე კურტ ტონგი და აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილე ჯონათან კაცი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებით, შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირეა, რომელთანაც მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით მიმდინარეობს.
მათ შორის, ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის მ.წ. თებერვალში განხორციელებული ვიზიტის შედეგად საქართველოს ახალმა მთავრობამ მიიღო თეთრი სახლის სრული მხარდაჭერა და მზაობა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილავთ ეკონომიკის და ვაჭრობის საკითხებს, ასევე უმაღლეს დონეზე სავაჭრო დიალოგის მიმართულებებს, მათ შორის აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების მოლაპარაკების მიმდინარეობის საკითხებს. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის რომ ეკონომიკის, ენერგეტიკის და ვაჭრობის სფეროებში ორმხრივ ურთიერთობებში არსებული ყველა საკითხი იყოს მოცული,“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ქარტიის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სამუსაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელები საქართველოსა და შეერთებული შტატების მხრიდან მედიისთვის განცხადებას გააკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები