Doing business – საქართველოს რეგიონში ყველაზე მაღალი ადგილი უკავია

 

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ ბრიფინგი გამართა. მან დეტალურად ისაუბრა მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვლევის „Doing Business 2015“-ის შესახებ.
როგორც ქავთარაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, ბიზნესის წარმოების სიმარტივის მხრივ საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე მაღალი ადგილი უკავია.
მისივე თქმით, 2005 წლის შემდეგ რეგიონში ყველაზე მეტი რეფორმა (36) საქართველომ განახორციელა.
„კვლევის მიხედვით, საქართველო ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით 189 ქვეყანას შორის მე-15 ადგილზეა. ამავე კვლევის მიხედვით, წინა წელს საქართველოს მე-14 პოზიცია ეკავა. საქართველოს პოზიციის 1 პუნქტით ცვლილება გამოწვეულია კვლევის მეთოდოლოგიაში განხორციელებული ცვლილებებით, რომლის მიხედვით რეიტინგი განისაზღვრება არა პროცენტული რანგირების (percentile rank) მეთოდით, არამედ ქვეყნების დაშორებით საუკეთესო მაჩვენებლიდან (Distance from Frontier). გარდა ამისა, გადაიხედა რეიტინგის კალკულაცია და კვლევას მიემატა ახალი მონაცემები ქვეკომპონენტების სახით“, – განაცხადა ირმა ქავთარაძემ.
მისივე ინფორმაციით, „Doing Business“-ის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ პირველ ადგილზეა მსოფლიოში ქონების რეგისტრაციის კუთხით (ქულა – 99,88).
საქართველო ოთხი კომპონენტით მსოფლიო მასშტაბით ქვეყნების პირველ ათეულში შედის. ეს კომპონენტებია: ქონების რეგისტრაცია (პირველი ადგილი), მშენებლობის ნებართვის მიღება (მე-3 ადგილი), ბიზნესის დაწყება (მე-5 ადგილი) და კრედიტის მიღება (მე-7 ადგილი)
საქართველოს პოზიცია გაუმჯობესებულია კვლევის 1 კომპონენტში და 3 ქვეკომპონენტში.
კომპონენტი: გადახდისუუნარობის საქმის წარმოება – გაუმჯობესდა 8 პოზიციით და 122-ე ადგილზე გადმოინაცვლა 130-ე ადგილიდან;
გაუმჯობესებული ქვეკომპონენტებია: (1) ბიზნესის დაწყების პროცედურებთან დაკავშირებული დანახარჯები, (2) კრედიტის აღებასთან დაკავშირებული საკრედიტო ბიუროს მიერ საკრედიტო ინფორმაციის მოცვა, (3) ვალაუვალობასთან დაკავშირებით ამოღების კოეფიციენტი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს შედეგი გაუმჯობესებულია კიდევ 3 კომპონენტში (ბიზნესის დაწყება, ელექტროენერგიით მომარაგება, კრედიტის მიღება) და მათ შესაბამის ქვეკომპონენტებში, რაც დასტურდება მინიჭებული (გაზრდილი) ქულებით, თუმცა საქართველოს პოზიციაზე რეიტინგში ეს დადებითად ვერ აისახა მეთოდოლოგიის ცვლილების გამო. მაგალითად: ბიზნესის დაწყება (97.3 ქულა) – მე-5 ადგილზე გადმოვინაცვლეთ მე-4 ადგილიდან, თუმცა საყურადღებოა, რომ არა მარტო არცერთი მაჩვენებელი არ გაუარესებულა, არამედ ამ კომპონენტის 4 მაჩვენებლიდან 1 გაუმჯობესდა, ხოლო დანარჩენი 3 მაჩვენებლის შედეგი უცვლელი დარჩა: კრედიტის აღება (85.00 ქულა) – მე-7 ადგილზე გადმოვინაცვლეთ მე-5 ადგილიდან, საყურადღებოა. რომ აქაც არცერთი მაჩვენებელი არ გაუარესებულა. პირიქით, კომპონენტის 4 მაჩვენებლიდან 1 გაუმჯობესდა, ხოლო დანარჩენი სამი მაჩვენებელი უცვლელი დარჩა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის „Doing Business“-ის კვლევის მიხედვით, საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ესტონეთი (17), შვეიცარია (20), ავსტრია (21), ლატვია (23), ლიტვა (24), ჰოლანდია (27), იაპონია (29), ბელგია (42), სომხეთი (45), თურქეთი (55), რუსეთი (62), მოლდოვა (63), აზერბაიჯანი (80), უკრაინა (96) და სხვა.
2015 წელს საქართველოს წინ უსწრებს: ნორვეგია, გაერთიანებული სამეფო, ფინეთი, ავსტრალია, შვედეთი, ისლანდია, ირლანდია, გერმანია, სინგაპური, ჰონგ-კონგი, ახალი ზელანდია, აშშ, დანია, მალაიზია და სამხრეთ კორეა. ყველა ეს ქვეყანა, ირლანდიის გარდა, საქართველოს წინ იყო წინა რეიტინგის მიხედვითაც.
ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც გადაგვისწრო, არის ირლანდია – მისი შედეგი 0.59 მეასედი ქულით აღემატება საქართველოს შედეგს (80.07 ქულა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები