ნატოს გენმდივანი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას გეგმავს – “საქართველო ნატოს ძლიერი პარტნიორია“

 

    ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, გერმანიის მარშალის ცენტრში გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობის მეთაურთან იმ ყოვლისმომცველი პაკეტის განხილვას აპირებს, რომელიც ნატომ საქართველოსთან მიმართებაში უელსის სამიტზე მიიღო.
“ნატოს ღია კარის პოლიტიკა ძალიან წარმატებულია. მე ვესწრებოდი ბუქარესტის სამიტს, სადაც ჩვენ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ. ახლა ჩემი, როგორც გენერალური მდივნის პასუხისმგებლობაა, რომ ვიზრუნოთ იმ არსებითი პაკეტის განხორციელებაზე, რაზეც შევთანხმდით. საკმაოდ მალე ვაპირებ, რომ შევხვდე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რათა განვიხილოთ ეს ყოვლისმომცველი პაკეტი”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
ნატოს გენმდივნის განცხადებითვე, საქართველო ნატოს ძლიერი პარტნიორია.
სტოლტენბერგი მიესალმება საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესს. “დამატებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო არის ნამდვილად ძლიერი პარტნიორი – ის მონაწილეობს ნატოს ძალიან ბევრ ოპერაციაში. საქართველომ ძალიან ღირებული კონტრიბუცია განახორციელა ავღანეთში. ასევე მივესალმები რეფორმებსა და პროგრესს, რასაც საქართველომ მიაღწია, განსაკუთრებით შეიარაღებულ ძალებში”, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები