აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩევლებს ურჩევნიათ, რომ ისრაელმა პირველმა დაარტყას ირანს, მანამ, სანამ აშშ საკუთარ ოპერაციას დაიწყებს,- ამის შესახებ Politico მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, მრჩევლები თვლიან, რომ ისრაელის ქმედებები თეირანის მხრიდან საპასუხო ზომებს გამოიწვევს, რაც ხელს შეუწყობს ამერიკული საზოგადოების მხარდაჭერის უზრუნველყოფას სამხედრო დარტყმისთვის.
პოლიტიკური გავლენა უფრო დიდი იქნება, თუ ისრაელი პირველი და დამოუკიდებლად იმოქმედებს, ხოლო ირანი შეერთებულ შტატებზე შურს იძიებს. მრჩევლების აზრით, ეს ირანის წინააღმდეგ ზომების მიღების უფრო მყარ არგუმენტებს შექმნის და მიმზიდველი იქნება ამერიკელი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც რეჟიმის შეცვლას უჭერენ მხარს, მაგრამ საკუთარ ჯარისკაცებს შორის მსხვერპლი არ სურთ.
ამავდროულად, წყაროები აღნიშნავენ, რომ აშშ-ისრაელის ერთობლივი ოპერაცია ყველაზე მოსალოდნელ სცენარად რჩება. როგორც Politico წერს, კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის იმედების გაქრობის ფონზე, აშშ-ის ადმინისტრაცია ჟენევაში მოლაპარაკებების მისიას ამზადებს: სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი ირანულ მხარეს ქვეყნის ბირთვული პროგრამის განსახილველად შეხვდებიან.