ირანის პრეზიდენტმა საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებთან დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა
ირანის ხელისუფლება მზადაა, სტუდენტების მიერ უნივერსიტეტებში გამართული საპროტესტო აქციების დროს წამოყენებულ მოთხოვნებს უპასუხოს,- ამის შესახებ ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა.
„თუ ზოგიერთი ადამიანი პროტესტს გამოთქვამს, მათ შეუძლიათ გამოხატონ ეს. პროტესტი საზოგადოებრივი ცხოვრების დინამიზმის ნიშანია და ჩვენ მზად ვართ ვესტუმროთ უნივერსიტეტებს და პირდაპირ დავუკავშირდეთ სტუდენტებს. ჩვენი მოვალეობაა მოვუსმინოთ და მივიღოთ ზომები საკითხებისა და პრობლემების გადასაჭრელად“, – განაცხადა პეზეშკიანმა მთავრობის სხდომაზე.
მანამდე, ირანის რამდენიმე უნივერსიტეტში სტუდენტების საპროტესტო აქციები გაიმართა, როგორც მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ, ასევე სახელმწიფო სისტემის მხარდასაჭერად.