სოფელ ფხვენისის ტერიტორიაზე სალთვისის სარწყავი სისტემა იწმინდება
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქარელის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს. არხების რეგულარული წმენდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სეზონის მოახლოების პერიოდში, რადგან დანალექი მასის დაგროვება ამცირებს წყლის გამტარუნარიანობას, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე სოფელ ფხვენისის ტერიტორიაზე სალთვისის სარწყავი სისტემის 7 კილომეტრამდე მონაკვეთზე წმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„სამუშაოების განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება არხის გამტარუნარიანობა და წყლის მიწოდება 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე. განახლებული ინფრასტრუქტურა მოემსახურება როგორც ფხვენისის, ისე შინდისის ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებს.
შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი ინფრასტრუქტურის წმენდა/რეაბილიტაციის სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს, რათა ფერმერებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდოთ სარწყავი წყალი და უზრუნველყოფილი იყოს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მდგარი განვითარება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.