“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ხვალ ანგარიშს წარადგენს

სასტუმრო “ქორთოარდ მერიოტში” ხვალ არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობასთან დაკავშირებით 2014 წლის პირველი ნახევრის ანგარიშს წარადგენს.
როგორც “კვირას“ ორგანიზაციიდან აცნობეს, წინამდებარე ანგარიში მოიცავს საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ პრობლემებს უკავშირდება.
“ანგარიშში მიმოხილულია საანგარიშო პერიოდში პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფის, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით თავდასხმისა და ძალადობის შემთხვევები, ასევე შალვა თათუხაშვილის საქმე; ანგარიშში მოცემულია სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები, ასევე, ის დარღვევები და გადაცდომები, რომლებიც გამოვლინდა 2014 წლის ზაფხულის ადგილობრივ არჩევნებზე. ანგარიში შეეხება 2014 წლის პირველ ნახევარში წარმოებულ იმ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც, სავარაუდოდ, პოლიტიკურად არის მოტივირებული. ანგარიშში ასევე გაანალიზებულია მდგომარეობა სასჯელაღსრულების სისტემაში და ის ცვლილებები, რომლებიც საანგარიშო პერიოდში შევიდა პატიმრობის კოდექსში.
საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი უფლებათა დარღვევის ფაქტების მნიშვნელობით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში კვლავ ძალიან ბევრი პრობლემა რჩება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. მომავალში საჭიროა მეტი ძალისხმევა და უფრო გააზრებული სისტემური ცვლილებების გატარება იმისთვის, რომ დამკვიდრდეს კანონის უზენაესობა და ყველა ადამიანი დაცული იყოს სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებების დარღვევისგან“,-აცხადებენ ორგანიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები