კატების სიმსივნეების კვლევამ ადამიანის კიბოსთან მსგავსება გამოავლინა
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა თითქმის 500 შინაური კატის სიმსივნეების ფართომასშტაბიანი გენეტიკური ანალიზი ჩაატარა, რის შედეგადაც სხვადასხვა სახის კიბოს განვითარებასთან დაკავშირებული ძირითადი მუტაციები გამოავლინა.
კვლევას კემბრიჯში მდებარე ველკომ სენგერის ინსტიტუტი ხელმძღვანელობდა.
მიუხედავად იმისა, რომ კიბო შინაურ კატებში ავადობისა და სიკვდილიანობის წამყვან მიზეზად რჩება, მისი გენეტიკური მექანიზმები მხოლოდ ფრაგმენტულად არის შესწავლილი. წამყვანი მკვლევრის, დოქტორ ლუიზ ვან დერ ვეიდენის თქმით, კატების სიმსივნეების გენომური მახასიათებლები დიდი ხანია დიდწილად შეუსწავლელი სფეროა.
მისივე თქმით, ცხოველთა კიბოს შესახებ ჩვენი ცოდნის გაფართოება, შეიძლება, სასარგებლო იყოს სახეობების უფრო ფართო სპექტრისთვის, მათ შორის ადამიანებისთვისაც.
პროექტის ფარგლებში, მეცნიერებმა გააანალიზეს დაახლოებით 1000 გენი, რომლებიც პოტენციურად დაკავშირებულია კატებში კიბოს 13 სხვადასხვა სახეობასთან. შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ იდენტიფიცირებული მუტაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ემთხვევა ადამიანის კიბოს მუტაციების მაჩვენებლებს. ეს მიუთითებს სიმსივნის ზრდისა და სახეობებს შორის გავრცელების საერთო ბიოლოგიურ მექანიზმებზე.
მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, რომ ძაღლებისგან განსხვავებით, კატებში კიბოს გენეტიკური კვლევები ბოლო დრომდე გაცილებით ნაკლებად ხშირად და უფრო მცირე მასშტაბით ტარდებოდა.
შინაური ცხოველები პატრონებთან ერთად ერთსა და იმავე გარემოს იზიარებენ და მსგავსი გარემო და ცხოვრების წესის ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ არიან. კანადაში, ონტარიოს ვეტერინარული კოლეჯის პროფესორ ჯეფრი ვუდის თქმით, ეს კარს ხსნის იმის უფრო ღრმა გაგებისკენ, თუ როგორ შეუძლია გარემო პირობებს გავლენა მოახდინოს კიბოს რისკზე როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში.