ქეთრინ ეშტონმა მაია ფანჯიკიძეს წერილი გაუგზავნა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ქეთრინ ეშტონი საკუთარი უფლებამოსილების ამოწურვასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაია ფანჯიკიძეს წერილს უგზავნის და თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის. ქეთრინ ეშტონის წერილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საკუთარ წერილში აღნიშნავს, რომ ასოცირების შესახებ ხელშეკრულების დროებითი ამოქმედება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ჩათვლით, როგორც ევროკავშირს, ისე საქართველოს მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს.
“ჩემი, როგორც უმაღლესი წარმომადგენლის უფლებამოსილება იწურება და ამასთან დაკავშირებით, მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ იმ შესანიშნავი თანამშრომლობისთვის, რომელიც უკვე წლებია გვაკავშირებს.
ერთობლივი ჩართულობით ჩვენ თანამიმდევრულად ვაძლიერებდით და ვაფართოებდით ორმხრივ ურთიერთობებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რაც ივნისში ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერით დაგვირგვინდა. ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველო გააგრძელებს ამბიციური რეფორმების ევროპული დღის წესრიგის განხორციელებას, ჩვენ მიერ ერთობლივად შემუშავებული ასოცირების დღის წესრიგის ჩათვლით, და რომ ჩვენ ახლო მომავალში დავინახავთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით მიღწეულ პროგრესს”, – აღნიშნულია წერილში.
ქეთრინ ეშტონი კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართვეოლოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის.
“მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ მტკიცედ ერთგულნი ვრჩებით არააღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ჩართულობას კონფლიქტის გრძელვადიანი გადაწყვეტის საქმეში. ევროკავშირი კვლავაც რჩება თქვენი და თქვენი ქვეყნის სანდო და ერთგულ პარტნიორად ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის საერთო მიზნის მიღწევის გზაზე. სიამოვნებით ვიხსენებ თქვენთან თანამშრომლობის პერიოდს და წარმატებას გისურვებთ მომავალში”, -აღნიშნულია ქეთრინ ეშტონის წერილში.
თავის მხრივ, მაია ფანჯიკიძემ ეშტონს საპასუხი წერილი მისწერა, სადაც მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მისი პირადი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ იგი ყოველთვის დარჩება საქართველოს ერთგულ მეგობრად.
ქეთრინ ეშტონი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას 1 ნოემბერს დატოვებს. მას იტალიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ფედერიკა მოგერინი შეცვლის.

10733559_967425253285491_323204868_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები