” განათლების სამინისტრო საკუთარი უუნარობის გადაფარვას ცდილობს”

 

     არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსის“ თანათავმჯდომარე მარიამ რამინაშვილი ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებს. როგორც რამინაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, ცვლილებების თანახმად, მასწავლებლების პროფესიული განვითარების სქემაში ბევრი ისეთი დეტალია, რომლის გამოც აღნიშნული სქემის დღევანდელი ვარიანტის ამოქმედება დაუშვებელია.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, სქემის მიხედვით, 2015-2016 წელს უნდა გამოცხადდეს საერთო ვაკანსია ყველა პედაგოგისათვის, განურჩევლად იმისა, ის სერტიფიცირებულია თუ არა. აღნიშნული ვაკანსიის გამოცხადება კი, მისივე თქმით, პირდაპირ ხელს შეუშლის შრომის კოდექსში ჩადებულ ნორმას, რომელიც მასწავლებელთან გაფორმებულ ხელშეკრულებას უვადოს ხდის.
„სქემის მიხედვით, 2015-2016 წელს უნდა გამოცხადდეს საერთო ვაკანსია. ეს ეხება როგორც სერტიფიცირებულ, ისე არასერტიფიცირებულ მასწავლებლებს. სერტიფიცირებული მასწავლებლების ვაკანტურ ერთეულზე ისევ თავიდან მიღება მასწავლებლის მოტივაციას უშლის ხელს, რომ ასეთივე წარმატებით ჩაერთოს შემდეგ სქემაში. 2013 წლის 27 ივლისიდან შრომის კოდექსში შევიდა ცვლილება ხელშეკრულების უვადობასათან დაკავშირებით. ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც სამი წლის განმავლობაში დაიდება პირთან, მესამე წლის შემდეგ ავტომატურად ხდება უვადო. სწორედ 2016 წლის 27 ივლისს აღმოჩნდება ეს სამი წელი მასწავლებლისთვის. თუკი 2015-2016 წელს მასწავლებლების სრულ ვაკანსიას არ გამოაცხადებენ, 2016 წლიდან მასწავლებელს დაიცავს შრომის კოდექსი. რატომ ცხადდება ვაკანსია ახალი სასწავლო წლის პროცესში? ამის ერთადერთი ახსნა გახლავთ ის, რომ 2019 წლიდან ამოქმედდეს საქართველოს საგანმანათლებლო კორპუსზე შრომის კოდექსით გათვალისწინებული სიკეთეები“,- განაცხადა რამინაშვილმა.
რამინაშვილი ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პილოტირების საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, შეუძლებელია უკვე დაკანონებული ცვლილების პილოტირება, მისი განმარტებით, აუცილებელია ნებისმიერი ახალი სქემა პილოტირებული იქნას მის დაკანონებამდე.
„ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ გადაფაროს მისი უუნარობა. იმ შემთხვევაში, თუკი კანონში შევა სქემა ამ ფორმით, ამის შემდეგ ნებისმიერი ინსტრუმენტი დაიწყებს პილოტირებას და რამდენიმე თვის მერე აღმოჩნდება, რომ ინსტრუმენტმა არ იმუშავა, ამის გამო კანონში ისევ ცვლილებები შევა, ეს სწორია? ჯერ დაკანონდეს და ამის შემდეგ გაიაროს პილოტირება, ეს ნორმალურია? ეს გადაწყვეტილებები პილოტირების შემდეგ უნდა იქნას მიღებული“,- განაცხადა რამინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები