გლდანის მერვე მიკრორაიონში მოსასვენებელი სივრცე მოეწყობა
გლდანის რაიონის გამგეობა მერვე მიკრორაიონის N13 კორპუსთან მოსასვენებელ სივრცეს მოაწყობს.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამისი სამუშაოები, დაახლოებით, 7 000 კვ.მეტრ ფართობზე ჩატარდება.
„დედაქალაქში აქტიურად გრძელდება რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციის პროცესი. გლდანის რაიონის გამგეობა მოსასვენებელ სივრცეს ამჯერად მერვე მიკრორაიონის N13 კორპუსთან მოაწყობს.
სამუშაოები, დაახლოებით, 7 000 კვ.მეტრ ფართობზე ჩატარდება. ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ასევე, მოეწყობა სავარჯიშო სივრცე და სასეირნო ბილიკები. ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები – დაირგვება ხე-მცენარეები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 800 000 ლარამდე დაიხარჯება.