უსუფაშვილმა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრა შეაფასა

პარლამენტის თავმჯდომარეს კარგად ესმის იმ პრეტენზიების, რაც პარტიების მხრიდან გამოითქვა, თუმცა მისი თქმით, კეკლუცობა არც მათი და არც მისი მხრიდან, სწორი არ იქნება.
“ასე იყო და ასე იქნება მომავალშიც, რომ ოპოზიციას აქვს რიგი საკითხები და ყოველთვის არის უკმაყოფილო. ოპოზიცია იმიტომ არის ოპოზიცია, რომ მისი ხედვები ხელისუფლების პოზიციისგან განსხვავდება. მე მესმის იმ პარტიების, ვინც არ არის პარლამენტში და თვლის, რომ ნაკლები ტრიბუნა აქვს პოლიტიკური მესიჯის მოსახლეობამდე მისატანად. მესმის მათი, ვინც ვერ გადალახა ბარიერი, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას იძლევა და ამის გამო ჩივიან. მესმის როცა ჩივიან, რომ არ ჰყავთ წევრი საარჩევნო კომისიაში, მაგრამ მოქმედი კანონმდებლობით ვისაც რა ერგებოდა, ყველას აქვს შესაბამისი ბერკეტი და საშუალებები. ჩვენ ჩვენის მხრივ, გადავდგით ბევრი ნაბიჯი ამ ბერკეტების გასაზრდელად. არ ავყვები და ვერ ავყვები იმ გამონათქვამებს, რომლითაც ოპოზიციის ლიდერები ხშირად აპელირებენ, როცა ერთის მხრივ, საუბრობენ საკენკებზე, მოსყიდვებზე და ამასობაში შესაბამის თემებთან დაკავშირებით სერიოზული საუბარი მიდის ხოლმე. ეს სწორიც არის, რადგან პარტიებს სჭირდებათ დაფინანსება და კეკლუცობა არც მათი და არც ჩემის მხრიდან, სწორი არ იქნება. როცა ასეთი საკითხები წყდება, შემდეგ ამბობენ, რომ ეს მათთვის მნიშვნელოვანი არ არის და სხვა რამ უნდათ, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკმაყოფილებით დატოვეს, მათი განცხადებით, ბარიერის 50%-მდე გაზრდასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სრულყოფილი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას ვერ უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები