ჯანმო 2026 წელს ჯანდაცვის კრიზისების მოსაგვარებლად 1 მილიარდ დოლარს ითხოვს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), 2026 წელს მსოფლიოში ყველაზე მძიმე ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციების მოსაგვარებლად, წევრ ქვეყნებს 1 მილიარდი დოლარის გამოყოფისკენ მოუწოდა.
„მეოთხედი მილიარდი ადამიანი ცხოვრობს ჰუმანიტარულ კრიზისებში, რაც მათ ართმევს ყველაზე ძირითად დაცვას: უსაფრთხოებას, თავშესაფარს და ჯანდაცვაზე წვდომას“, – განაცხადა ჩიკვე იჰეკვეაზუმ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან აღნიშნა, რომ ჯანდაცვის საჭიროებები იზრდება, იქნება ეს დაზიანებების, დაავადებების აფეთქებების, არასრულფასოვანი კვების თუ არანამკურნალევი ქრონიკული დაავადებების გამო, თუმცა მკურნალობაზე წვდომა მცირდება.
WHO-ს ინფორმაციით, მოთხოვნილი თანხა 36 მძიმე და გადაუდებელ ჯანდაცვის სიტუაციაზე რეაგირებას მოხმარდება, მათ შორის კონფლიქტებითა და ჰუმანიტარული კრიზისებით დაზარალებულ რეგიონებში – ღაზას სექტორში, სუდანში, უკრაინაში, ჰაიტიში და აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში.
ორგანიზაციის განმარტებით, დაფინანსება საჭირო იქნება საავადმყოფოების და პირველადი ჯანდაცვის სერვისების ფუნქციონირების შესანარჩუნებლად, ეპიდემიების პრევენციისა და კონტროლისთვის, ვაქცინაციის პროგრამების გასაგრძელებლად, ასევე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად.
WHO-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა დონორებსა და პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ორგანიზაციის გეგმას და აღნიშნა, რომ ჯანდაცვაში ინვესტიცია კრიზისების პირობებში სიცოცხლის გადარჩენის მთავარი წინაპირობაა.
აღსანიშნავია, რომ აშშ, რომელიც ჯანმო-ს ერთ-ერთი მთავარი დონორია, ორგანიზაციიდან ოფიციალურად იანვარში გავიდა.