„ყველა თაობა“: შეუძლებელია ტენდერის შესახებ არ სცოდნოდა ირაკლი ალასანიას
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალი რანგის თანამდებობის პირების დაკავების ფაქტს ეხმაურება. „ყველა თაობა“ თავდაცვის სამინისტროს ტენდერების საქმეზე მინისტრ ირაკლი ალასანიასა და მისი მოადგილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა, გია სალუქვაძემ განაცხადა, შეუძლებელია ამ საქმესთან დაკავშირებით მაღალჩინოსნებს ინფორმაცია არ ჰქონოდათ.
„ეს არის საკმაოდ რთული საქმე და აქედან გამომდინარე, შეუძლებელია მაღალჩინოსნების გარეშე მისი განხორციელება. ხელისუფლებას მოვუწოდებ გამოიძიოს აღნიშნული საქმე, ეს იქნება ტესტი. შეუძლებელია ეს დანაშაული არ სცოდნოდა მინისტრს და მის მოადგილეს. საუბარია მილიონიან ტენდერზე. მე როგორც პროფესიონალი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, შეუძლებელია ანალოგიური გარიგება მომხდარიყო ისე, რომ თავდაცვის სამინისტროს უფრო მაღალი რანგის მოხელეებს ამის შესახებ არ სცოდნოდათ“, – განაცხადა „ყველა თაობა – საქართველოს“ თავმჯდომარემ გია სალუქვაძემ.
ორგანიზაციის „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის ლევან ბერაძის განცხადებით კი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საქმეზე გამოძიება გამჭირვალედ უნდა წარიმართოს.
„არ შეიძლება იმაზე საუბარი, რომ მინისტრი აუცილებლად იქნებოდა ან არ იქნებოდა ამ საკითხში ჩართული. აუცილებელია, გამოძიებამ დაადგინოს და შეისწავლოს ეს ფაქტიც, რომ იცოდა თუ არა მინისტრმა მომხდარის შესახებ. როცა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს ვეხებით აუცილებელია, დადგინდეს გამოძიების შედეგად და მან გააკეთოს ამასთან დაკავშირებით კომენტარი“, – განაცხადა „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენელმა ლევან ბერაძემ. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ე.წ „სილქნეტის საქმესთან“ დაკავშირებით, ყველა ფაქტობრივი გარემოება უნდა დადგინდეს, ვინაიდან დანაშაული კორუფციულ ნიშნებსაც ატარებს.