Fox News: კლინტონები ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე კონგრესში ჩვენების მიცემას მას შემდეგ დათანხმდნენ, რაც წარმომადგენელთა პალატა მათ სისხლის სამართლებრივი დევნით დაემუქრა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტში მისვლას და ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე ჩვენების მიცემას მას შემდეგ დათანხმდნენ, რაც კანონმდებლები მათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით დაემუქრნენ,- ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ზედამხედველობის კომიტეტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ კლინტონებს სურთ, თავი აარიდონ პასუხისმგებლობას და განსაკუთრებულ პირობებს ითხოვენ, თუმცა კანონზე მაღლა არავინ დგას.
მოგვიანებით ბილ კლინტონის აპარატის უფროსის მოადგილემ, ანხელ ურენიამ დაადასტურა, რომ კლინტონები საკომიტეტო მოსმენაზე გამოცხადდებიან.
Fox News-ის ინფორმაციით, ზედამხედველობის კომიტეტი ცდილობს დაადგინოს, რა იციან კლინტონებმა ჯეფრი ეპშტეინისა და მისი მეგობრის გისლეინ მაქსველის შესახებ. კანონმდებლებს აგრეთვე აინტერესებთ, რა როლს ასრულებდა ჰილარი კლინტონი სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით საერთაშორისო ვაჭრობის აღმოფხვრის საქმეში, როცა ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებდა.
როგორც ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა Fox News-ის ეთერში განაცხადა, ეპშტეინი კლინტონის პრეზიდენტობის დროს თეთრ სახლს ჩვიდმეტჯერ სტუმრობდა. ხოლო საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, კლინტონმა 27-ჯერ ისარგებლა ეპშტეინის კერძო თვითმფრინავით.
კლინტონები კომიტეტში ჩვენების მისაცემად პირველად იანვარში გამოიძახეს, თუმცა მათ მაშინ საკანონმდებლო ორგანოში გამოცხადებაზე უარი თქვეს.