ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური და ბათუმის საზღვაო პორტის განახლებული ინფრასტრუქტურა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარე როვშან რუსტამოვთან ერთად დაათვალიერა
ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური და ბათუმის საზღვაო პორტის განახლებული ინფრასტრუქტურა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარე როვშან რუსტამოვთან ერთად დაათვალიერა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორი ქვეყნის რკინიგზების ხელმძღვანელები დელეგაციების წევრებთან ერთად პირადად გაეცნენ შესრულებულ სამუშაოებს, ამასთან, ნავსადგურების მენეჯმენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს ობიექტების სიმძლავრეები და ტერმინალების მოდერნიზაციის პროცესი გააცნეს. ორივე მხარემ ხაზგასმით აღნიშნა ,,შუა დერეფნის” მარშრუტზე გაზრდილი ტვირთნაკადის მისაღებად ნავსადგურებისა და სარკინიგზო ოპერატორების სინქრონიზაციისა და გამართული მუშაობის მნიშვნელობა.
,,შუა დერეფნის მარშრუტის შემდგომი განვითარების პროცესისთვის საკვანძო როლი აკისრია საქართველოს სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურის მაღალი სტანდარტებით ფუნქციონირებას. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, ისევე როგორც ტვირთმფლობელებისთვის სერვისების გაუმჯობესების კუთხით. რკინიგზისა და ნავსადგურების სინქრონიზაცია და გამართული ინფრასტრუქტურა ერთობლიობაში მეტი ტვირთის გატარების საშუალებას მოგვცემს, რაც თავის მხრივ საქართველოს რკინიგზას მეტ შემოსავალს, მოუტანს. ჩვენი მიზანია, რომ ,,შუა დერეფნისა” და ,,ბაქო-თბილისი-ყარსის” მარშრუტზე ტვირთნაკადი გავზარდოთ, რაც დადებითად აისახება მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე” – განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ფოთისა და ბათუმის პორტებში ტვირთნაკადის მაჩვენებელი გაზრდილია.