კომპანია Waymo ლონდონში მძღოლის გარეშე ტაქსების სერვისის დაწყებას წელს გეგმავს

აშშ-ის უპილოტო ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Waymo იმედოვნებს, რომ ლონდონში რობოტატიქსის სერვისის ამოქმედებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყებს,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ 2026 წლის მეორე ნახევარში რეგულაციების შეცვლას გეგმავს, რათა ქალაქში მძღოლის გარეშე მომუშავე ტაქსებმა იმოძრაონ.

Waymo-მ განაცხადა, რომ საპილოტე სერვისი აპრილში ამოქმედდება.

“ჩვენ ვუჭერთ მხარს Waymo-ს და სხვა ოპერატორებს ჩვენი სამგზავრო პილოტური პროექტებისა და ინოვაციების მხარდამჭერი რეგულაციების მეშვეობით, რათა თვითმართვადი მანქანები ბრიტანეთის გზებზე რეალობად იქცეს“,- განაცხადა ადგილობრივი ტრანსპორტის მინისტრმა ლილიან გრინვუდმა.

Google-ის მშობელი კომპანიის, Alphabet-ის საკუთრებაში არსებულმა ფირმამ, ლონდონის ტრანსპორტის მუზეუმში დიდ ბრიტანეთში ჩამოტანილი ავტომობილების ფლოტი წარმოადგინა.

Waymo-ს მანქანებს ამჟამად უსაფრთხოების მძღოლი მართავს, რომელიც ქუჩების რუკას ადგენს. თუმცა, როდესაც სერვისი გადამხდელ მგზავრებზეც აისახება, საჭესთან ადამიანი აღარ იქნება.

მთავრობის შეფასებით, ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებების ინდუსტრიას შეუძლია დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას 2035 წლისთვის 42 მილიარდი ფუნტი სტერლინგი შემატოს და თითქმის 40 000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნას.

Waymo აცხადებს, რომ სენსორები მის მანქანებს საშუალებას აძლევს, 360 გრადუსით აკონტროლონ გარემო, სამი საფეხბურთო მოედნის რადიუსში და ცუდი ამინდის დროს. საბარგულში განთავსებული მძლავრი კომპიუტერი ამუშავებს ამ მონაცემებს და მანქანის მოქმედებებსა და რეაქციებს რეალურ დროში განსაზღვრავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები