ევროკომისარმა მარტა კოსმა კვლავ მოუწოდა სერბეთს, სასამართლო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს გადახედოს

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სერბეთს, გადახედოს სასამართლო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს და განაცხადა, რომ არ ესმის, რატომ დგამს ბელგრადი ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც მას ევროკავშირის წევრობისგან აშორებს,- ინფორმაციას სერბეთის მაუწყებელი RTS-ი ავრცელებს.

ევროკომისარს მიაჩნია, რომ სერბეთის მხრიდან ეს უკან გადადგმული ნაბიჯია და ის საპირისპირო მიმართულებით მიდის.

მედიის მიერ გავრცელებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, კოსმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სერბეთის ეროვნულ ასამბლეას, რაც შეიძლება სწრაფად გადახედოს სასამართლო კანონმდებლობაში მიღებულ ცვლილებებს და ისინი ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

“ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ სერბეთი ევროკავშირის წევრი გახდეს და ამაზე მუშაობას არ შევწყვეტთ“, – დასძინა კოსმა.

როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, „როდესაც ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის კანდიდატია, და სერბეთი ასეთად მიიჩნევა, ჩვენ ველით, რომ ის ევროპული ღირებულებების შესაბამისად მოიქცევა. ეს სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან ცვლილებები ძალიან სწრაფად, გაუმჭვირვალედ და ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე იქნა მიღებული“.

ევროკომისარმა ასევე განაცხადა, რომ გაფართოების პროცესში ახალი დინამიკა შეინიშნება, რომელშიც ალბანეთი და მონტენეგრო ნამდვილად სწრაფად მიიწევენ ევროკავშირში წევრობისკენ, ხოლო სერბეთი საპირისპირო მიმართულებით მიდის.

„გულწრფელად რომ ვთქვა, არ მესმის, რატომ ხდება ეს, მაგრამ ეს ისეთი რამაა, რისი ნახვაც ჩვენ არ გვინდა“, – განაცხადა კოსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები