აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ნატო ახლებურად გააზრებას საჭიროებს.
მისი თქმით, ნატო-ს ცვლილებები სჭირდება, ევროპელმა პარტნიორები კი რადიკალურად უნდა გაზარდონ ინვესტიციები თავდაცვის შესაძლებლობებში, რათა შესთავაზონ მნიშვნელოვანი როლი და არა მხოლოდ „არარელევანტური“ განლაგება, რომელსაც ჯერ კიდევ სჭირდება აშშ-ის მხარდაჭერა.
„მისი [ნატო-ს] ახლებურად გააზრების მიზეზი ის კი არ არის, რომ მისი მიზანი იცვლება, არამედ ის, რომ მისი შესაძლებლობები უნდა იყოს ხელახლა გააზრებული.
მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. უსაფრთხოების გარანტიებზე ბევრი საუბარია და ეს არის ის, რაზეც ამჟამად უკრაინის შემთხვევაში ზოგადი შეთანხმებაა.
მაგრამ უსაფრთხოების ეს გარანტიები, ძირითადად, გულისხმობს ევროპული ჯარების მცირე კონტინგენტის – უპირატესად ფრანგული და ბრიტანული ძალების – განლაგებას და შემდეგ აშშ-ის მხარდაჭერას. სინამდვილეში კი, უსაფრთხოების გარანტია სწორედ აშშ-ის მხარდაჭერაა. მე არ ვაკნინებ იმ ფაქტს, რომ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა მზად არის განათავსოს ჯარები ომისშემდგომ უკრაინაში. მე უბრალოდ იმას აღვნიშნავ, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე ამას აზრი არ აქვს.
აშშ-ის ასეთი ძლიერი მხარდაჭერა იმიტომ არის საჭირო, რომ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს ბოლო 20-30 წლის განმავლობაში საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობებში საკმარისი ინვესტიცია არ განუხორციელებიათ.
ახლა, იმედია, ეს შეიცვლება. იმედია, ეს შეიცვლება. ზოგიერთ შემთხვევაში და ზოგიერთ კონკრეტულ ქვეყანაში ეს უკვე შეიცვალა.
მაგრამ ეს არის ფაქტი, რომლის იგნორირებაც არ შეგვიძლია. ნატო უფრო ძლიერი იქნება, თუ ჩვენი მოკავშირეები უფრო ქმედითები იქნებიან, განსაკუთრებით… და აი, რეალობა, გვინდა თუ არა ამის მიღება, ჩვენ [აშშ-ს] გვაქვს ინტერესები მთელ მსოფლიოში…
და რაც უფრო ძლიერი იქნებიან ჩვენი პარტნიორები ნატო-ში, მით უფრო მეტი მოქნილობა ექნება შეერთებულ შტატებს, რათა უზრუნველყოს ჩვენი ინტერესები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში.
ეს არ არის ნატო-ს მიტოვება, ეს XXI საუკუნის რეალობაა და მსოფლიო იცვლება“, – განაცხადა მარკო რუბიომ.