სოლომონ პავლიაშვილი: მდინარეების დათევზიანებასთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს მონიტორინგი, რომლის შედეგებიც ადასტურებს, რომ პროექტი წარმატებულია

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და სპეციალისტების ჩართულობით, ლეჩხუმის მუნიციპალიტეტის მდინარეების შენაკადები  „წითელი ნუსხის“  სახეობა ნაკადულის კალმახის განაყოფიერებული 20 000 ქვირითით დათევზიანდა. ინფორმაციას ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

დათევზიანების პროცესში  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი,  ველური ბუნების სააგენტოს უფროსი რევაზ ბეჟაშვილი და რაჭა ლეჩხუმის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე მონაწილეობდნენ.

„წითელი ნუსხის სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტი, რომელსაც ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს, საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების და ეკობალანსის დაცვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მდინარეების დათევზიანებასთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს მონიტორინგი, რომლის შედეგებიც ადასტურებს, რომ პროექტი წარმატებულია“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

განაყოფიერებული კალმახის ქვირითი ველურ ბუნებაში ინკუბაციის ბოლო ფაზას გაივლის.

ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის გამრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.

„წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს.

2026 წლის გეგმის მიხედვით მდინარეების დათევზიანება ჯამში 700 000 ქვირითით მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები