თოვლის ტილოზე კომპასით შექმნილი გიგანტური ნახატები – საიმონ ბექის ხელოვნება, რომელიც საათებში ქრება(ფოტო)

ბრიტანელმა ყოფილმა კარტოგრაფმა, საიმონ ბექმა თოვლზე მასშტაბური გეომეტრიული ნახატები შექმნა, რომელთა ზომა, ზოგ შემთხვევაში, ერთ ან რამდენიმე საფეხბურთო მოედანს უტოლდება,- ამის შესახებ The Washington Post წერს.

გამოცემის ცნობით, ბექი მუშაობისას იყენებს მხოლოდ თოვლის ფეხსაცმელსა და კომპასს. მისი ნამუშევრები ხშირად ჰგავს თოვლის ფიფქებს, ვარსკვლავებსა და სხვა სიმეტრიულ გეომეტრიულ ფორმებს, რომლებიც მთლიანად მხოლოდ ზემოდან, საჰაერო კადრებში ჩანს.

ბექი უკვე დაახლოებით ორი ათწლეულის განმავლობაში ქმნის მსგავს ნამუშევრებს ძირითადად ალპებში, გაყინულ ტბებსა და ღია თოვლიან სივრცეებზე. ერთი ნახატის შესრულებას ის ზოგჯერ 10–12 საათს ან მეტ დროს ანდომებს, ნაბიჯების ზუსტი გათვლითა და მიმართულების მუდმივი კონტროლით.

„თუ ნახატი არ გაქრებოდა, ერთსა და იმავე ადგილზე მეორის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა,“ — განუცხადა ბექმა The Washington Post-ს და აღნიშნა, რომ ნამუშევრების დროებითი ხასიათი მისი ხელოვნების განუყოფელი ნაწილია.

თოვლზე შექმნილი ნახატები ხშირად ქარბუქის, ახალი თოვლის ან ამინდის ცვლილების გამო მალევე ქრება, რის გამოც ისინი მხოლოდ ფოტოსა და ვიდეოკადრებში ინახება.

როგორც მედია აღნიშნავს, საიმონ ბექის ნამუშევრებმა ბოლო წლებში საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო და ფართოდ ვრცელდება სოციალურ ქსელებსა და მედიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები