შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის საელჩოს მილოცვაზე: ეს იყო ძალადობის გამართლებისა და მხარდაჭერის აქტი
„ეს იყო ძალადობის გამართლებისა და მხარდაჭერის აქტი,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს უხამსობა არის აბსოლუტურად მიუღებელი და აღმაშფოთებელი.
„ის, რასაც ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ სივრცეში – რამდენადაც ღირებულებითად აცდენილი არიან დღეს ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია, ზუსტად იგივე ვიხილეთ ჩვენ საელჩოების დონეზე. ეს კონტრასტი, რომელიც გუშინ იყო, მაღლაც ძალიან კარგად აჩვენებს იმ ცივილიზაციურ უფსკრულს, რომლისკენაც მიაქანებს დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია ევროკავშირს.
მეორე – ჩვენ ვნახეთ, რომ ეს იყო ძალადობის გამართლების, რომანტიზების და მათ შორის, მხარდაჭერის აქტი. ჩვენ ვიხილეთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ევროკავშირის საელჩოს მხრიდან უხამსი, საქართველოს დროში შეურაცხმყოფელი კადრებით, ქართველი ხალხისადმი „მილოცვა“. რა თქმა უნდა, ეს უხამსობა არის აბსოლუტურად მიუღებელი და თავად ევროკავშირის ელჩის სიტყვები რომ გამოვიყენო, ეს არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ ევროკავშირის საელჩოს სოციალური მედიის გვერდზე. ეს უხამსობა უნდა შეწყდეს და მე მათ ადგილზე, ამ ვიდეოს საერთოდ ავიღებდი, ვინაიდან ეს უხამსობა, ქართული დროშის შეურაცხყოფა, ქართველი ხალხის შეურაცხყოფა უპირველეს ყოვლისა, არის თავად ევროპის იდეის შეურაცხყოფა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საელჩომ საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ვიდეო გაავრცელა, რომელშიც გამოყენებულია კადრები აქციებიდან.