საქართველოს ტურისტულ პოტენციალს უტრეხტის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ნიდერლანდებში, უტრეხტრში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „Vakantiebeurs 2026“ მონაწილეობს. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და ბენილუქსის ქვეყნებში უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან და 10-მდე კერძო კომპანიასთან ერთად ეროვნული სტენდით წარდგა.
გამოფენის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვედრებს ატარებს წამყვანი PR კომპანიების, მსხვილი პლატფორმებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით.
“ჩვენ ვიმყოფებით ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში, სადაც ძალიან პოპულარულ ტურისტულ გამოფენაზე ჩვენთან ერთად მონაწილეობს 10-მდე ტურისტული კომპანია საქართველოდან. იცით რომ აღნიშნული ბაზარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირდაპირი ფრენებიდან გამომდინარე. გამოფენის პარალელურად ტარდება დამატებითი ღონისძიებები, სადაც B2B შეხვედრები ტარდება, რის ფარგლებშიც ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ ბიზნეს შეხვედრები გამართონ და პარტნიორები შეიძინონ. ნიდერლანდები,ევროკავშირის ფარგლებში, ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ბაზარია. ჩვენ ჩავატარებთ დამატებით აქტივობებს, როუდშოებს, რითაც ბევრად მეტ ნიდერლანდელ ტურისტს მოვიწვევთ საქართველოში“.- განაცხადა მაია ომიაძემ.
უტრეხტში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას დაესწრო ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი ბაჩო საგანელიძე.
გამოფენაზე საქართველოს სტენდთან ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციები, ვიდეო რგოლების ჩვენება მიმდინარეობს. ვიზიტორები ეცნობიან საქართველოს ზამთრის კურორტებს, სხვადასხვა ტურისტულ პროდუქტსა და მარშრუტს.
“Vakantiebeurs 2026“-ის ოთხდღიან გამოფენას 72 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია, გამოფენაზე მსოფლიოს 118 ქვეყნიდან 750-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.
„Vakantiebeurs 2026“ გამოფენის პარალელურად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორთან ერთად მონაწილეობს Travel trade days 2026-ში. B2B ღონისძიების ფარგლებში, ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ შეხვდნენ საერთაშორისო ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს, სერვისის მიმწოდებლებსა და ე.წ. „ბაიერებს“. შეხვედრებზე საქართველოში ტურისტული ჯგუფების გაგზავნის, ტურების დაგეგმვისა და ღონისძიებების ჩატარების საკითხები განიხილეს.
საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის პირდაპირი ავიარეისები სრულდება, რაც ხელს უწყობს ტურისტული ნაკადის გაზრდას ბენილუქსის ქვეყნებიდან. თბილისსა და ამსტერდამს შორის კვირაში 5 სიხშირით დაფრინავენ Georgian Airways და Transavia.