ზურაბ აბაშიძე: „ბიუჯეტში ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებას, რომელიც თბილისის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უკავშირდება“
თბილისის საკრებულოში 2026 წლის პირველი სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დედაქალაქის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, განაცხადა, ბიუჯეტი 17 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და მისი მოცულობა 2 210 558,2 ათასი ლარით განისაზღვრება. ზურაბ აბაშიძის თქმით, ბიუჯეტის ზრდა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მისი გარკვეული ნაწილი თბილისის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, სასკოლო ინფრასტრუქტურული საკითხები კვლავ მუნიციპალიტეტის პრეროგატივად რჩება, რაც დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
„დღეს თბილისის 2026 წლის ბიუჯეტში ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებას, რომელიც თბილისის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უკავშირდება. გაზრდილი ბიუჯეტი ასევე მოხმარდება მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფას და დედაქალაქის მასშტაბით განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მოგეხსენებათ, სასკოლო ინფრასტრუქტურული საკითხები კვლავ მუნიციპალიტეტის პრეროგატივად დარჩა. ეს დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც თვითმმართველობის როლს აძლიერებს“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ყველა მოქალაქეს ახალი წელი მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წელი კიდევ უფრო წარმატებული და დედაქალაქისთვის სასიკეთო საქმეებზე ორიენტირებული იქნება.
„სწორედ თბილისისთვის სასიკეთო საქმეების კეთებისთვის ვართ ჩვენ აქ და ბიუჯეტის ზრდაც ამისი ნათელი მაგალითია“, – დასძინა ზურაბ აბაშიძემ.