პატრიარქი: დღეს უნდა წარიხოცოს ყოველგვარი მწუხარება, უნდა დაცხრეს ყოველგვარი შფოთი და ვნება, სისხლისღვრა და ომი, დადუმდნენ მოპაექრეთა გუნდნი, განქარდეს უიმედობა, შური და ღვარძლი
დღეს უნდა წარიხოცოს ყოველგვარი მწუხარება, უნდა დაცხრეს ყოველგვარი შფოთი და ვნება, სისხლისღვრა და ომი, დადუმდნენ მოპაექრეთა გუნდნი, განქარდეს უიმედობა, შური და ღვარძლი და ღვთისადმი სიყვარულით აღძრული ჩვენი გონება, სული და გული ანთებული სანთლით სულიერად უნდა წარემართოს წმინდა მიწისკენ, – წერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II საშობაო ეპისტოლეში.
„ქრისტეს სახარებით გახარებულო, ზეციური მადლითა და უფლის წყალობით აღვსილო რჩეულო მართლმადიდებელო ერო, ცხოველსმყოფელი რწმენით, იმედითა და სასუფევლის დამკვიდრების სურვილით აღძრულო სამწყსოვ, კიდევ ერთხელ გილოცავთ ცისა და ქვეყნის მოლოდინის გამობრწყინებას, – უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს შობას!
დღეს უნდა წარიხოცოს ყოველგვარი მწუხარება, უნდა დაცხრეს ყოველგვარი შფოთი და ვნება, სისხლისღვრა და ომი, დადუმდნენ მოპაექრეთა გუნდნი, განქარდეს უიმედობა, შური და ღვარძლი და ღვთისადმი სიყვარულით აღძრული ჩვენი გონება, სული და გული ანთებული სანთლით სულიერად უნდა წარემართოს წმინდა მიწისკენ, რათა, ქალდეველ მოგვთა და ბეთლემში მყოფ მწყემსებთან ერთად, ანგელოზთა გუნდს შევუერთოთ ჩვენი ხმაც და სიხარულით აღმოვთქვათ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“
ამ იდუმალ ღამეს განსაკუთრებულად გევედრები, ჩვენი ხსნისათვის განკაცებულო, ბეთლემს შობილო ყრმაო, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, ზეციურნო ძალნო, ყოველნო წმინდანო ღვთისანო, დაგვლოცეთ და დალოცეთ სრულიად საქართველო, მკვიდრნი მას შინა, სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფნი თანამემამულენი; მშვიდობა მომადლეთ მსოფლიოს, განგვაშორეთ სიმძიმე ჩვენი დაცემული ბუნებისა, ერთობითა და ჭეშმარიტი სიყვარულის ნიჭით გვაკურთხეთ და ღვთის თანაზიარნი გვყავით ყოველნი.
ქრისტე იშვების, – უგალობდეთ!
ქრისტე ზეცით გარდამოვალს, – მიეგებვოდეთ!
ქრისტე ქუეყნასა ზედა, – ამაღლდებოდეთ!
უგალობდით უფალსა ყოველი ქვეყანა!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი”, – ნათქვამია საშობაო ეპისტოლეში.