აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვენესუელაში ახალი არჩევნები მომდევნო 30 დღის განმავლობაში არ ჩატარდება.
„ქვეყანაში ჯერ სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ. ახლა არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. ხალხი ხმის მიცემასაც ვერ შეძლებს, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქვეყნის გამოჯანმრთელება“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-მა, შესაძლოა, სუბსიდირება გაუწიოს ნავთობკომპანიების ძალისხმევას ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, პროექტს, რომელსაც, მისი თქმით, შესაძლოა, 18 თვეზე ნაკლები დასჭირდეს.
„უზარმაზარი თანხების დახარჯვა იქნება საჭირო და ამას ნავთობკომპანიები გააკეთებენ, შემდეგ კი ეს დანახარჯები ჩვენ მიერ ან შემოსავლების მეშვეობით აუნაზღაურდებათ“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ ვენესუელასთან ომში არ იმყოფება.
„არა, ვენესუელას არ ვებრძვით. ჩვენ ომი გვაქვს მათთან, ვინც ნარკოტიკებს ყიდის. ჩვენ ომი გვაქვს მათთან, ვინც ნარკოდამოკიდებულებსა და ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტებს ჩვენს ქვეყანაში გზავნის“, – განაცხადა ტრამპმა.