ირაკლი კობახიძე – ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, უზრუნველვყოთ სისტემის გარდაქმნა იმგვარად, რომ გაიზარდოს უმაღლესი განათლების ხარისხი ქვეყანაში – საუკეთესო შესაძლებლობების და უნარის ახალგაზრდები მიდიან და რჩებიან სხვა ქვეყნებში, ეს პროცესი უნდა შეჩერდეს არა ხელოვნურად, არამედ იმით, რომ უნდა გაიზარდოს უმაღლესი განათლების ხარისხი და დონე ჩვენს ქვეყანაში
ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ უმაღლესი განათლების სისტემის გაჯანსაღებას და ხარისხის გაუმჯობესებას და უზრუნველვყოთ სისტემის გარდაქმნა იმგვარად, რომ გაიზარდოს უმაღლესი განათლების ხარისხი ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სადაც სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
მთავრობის მეთაურის თქმით დღეს საქართველოში მოქმედებს 64 უნივერსიტეტი, რაც უკვე მეტყველებს იმაზე, რომ სისტემა არაჯანსაღად არის ფორმირებული.
„ზოგადად, რაც შეეხება სისტემას, პრობლემები რომ გვაქვს, ყველას კარგად მოგეხსენებათ. ეს არის სფერო, სადაც ძირეული ცვლილებები არ განხორციელებულა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ სწორედ უმაღლესი განათლების სისტემის გაჯანსაღებას და ხარისხის გაუმჯობესებას. სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი საერთო მიზანი, რომ გავაგრძელოთ უმაღლესი განათლების რეფორმა.
დღეს საქართველოში მოქმედებს 64 უნივერსიტეტი. ეს თავისთავად უკვე მეტყველებს იმაზე, რომ სისტემა არაჯანსაღად არის ფორმირებული და შეუძლებელია, ჩვენი სიდიდის ქვეყანაში, 35-წლიანი ისტორიის გათვალისწინებით, რომ 64 უნივერსიტეტში, ეკონომიკური თუ სხვა ტიპის გამოწვევების ფონზე, ჰქონდეს უზრუნველყოფილი თანაბრად მაღალი ხარისხი. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ უმაღლესი განათლების საშუალო ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი. ამიტომ, ჩვენი მიზანია, რომ ეს ვითარება რადიკალურად შევცვალოთ, გვინდა, რომ უზრუნველვყოთ სისტემის გარდაქმნა, იმგვარად, რომ გაიზარდოს უმაღლესი განათლების ხარისხი ქვეყანაში.
ერთ-ერთი გამოწვევა არის ახალგაზრდების იმიგრაცია და ამის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული დღევანდელი მდგომარეობა. არიან ახალგაზრდები, რომლებსაც ურჩევნიათ, რომ უმაღლესი განათლება მიიღონ სხვა ქვეყნებში. როდესაც სხვა ქვეყანაში მიდის ახალგაზრდა, მათი დიდი ნაწილი ქვეყნისთვის დაკარგულია. მითუმეტეს, რომ კონკრეტულ განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ ე.წ. ტვინების მიზიდვის პოლიტიკა, რასაც ძალიან წარმატებულად ახორციელებენ, საუკეთესო შესაძლებლობების და უნარის ახალგაზრდები მიდიან და რჩებიან სხვა ქვეყნებში. ეს პროცესი უნდა შეჩერდეს და უნდა შეჩერდეს არა ხელოვნურად, არამედ იმით, რომ უნდა გაიზარდოს უმაღლესი განათლების ხარისხი და დონე ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამ სულისკვეთებას ეფუძნება ის კონცეფცია, რომელიც ჩვენს მიერ არის წარმოდგენილი. პირველი ამოცანა ეს არის დეკონცენტრაცია და ამ მიმართულებით არის კონკრეტული ქმედებები განსაზღვრული ჩვენს კონცეფციაში”, – განაცხადა პრემიერმა.