პრემიერი EAGLE HILLS-ის პროექტზე – ყველაფერი ცხადი და ნათელია, სახელმწიფომ მაქსიმუმის წამოღება შეძლო ამ პროექტიდან, მადლობას ვუხდი ეკონომიკის სამინისტროს გუნდს, სამინისტროს ხელმძღვანელობას შედეგისთვის

ნებისმიერ ადამიანს, ეკონომისტს, ფინანსისტს შეუძლია ნახოს EAGLE HILLS-ის პროექტის ეკონომიკა და ძალიან მარტივად შეუძლია, განსაჯოს, რამდენად არის სათანადოდ წამოღებული მოგება სახელმწიფოს მხარეს აღნიშნული პროექტიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის სამინისტროს გუნდს და მის ხელმძღვანელობას მიღწეული შედეგისთვის მადლობა გადაუხადა.

„რაც შეეხება იმას, თუ როგორ შემოდის კომპანია EAGLE HILLS თანხებით და როგორ ნაწილდება ეს 6.6 მლრდ აშშ დოლარი. სწორედ, ეს არის არსებითად კომპანიის საქმე. სამი ძირითადი წყაროა – ეს არის პირდაპირი ინვესტიცია, რასაც დებს უშუალოდ კომპანია, მეორე – ეს არის კომერციული სესხები, რომელსაც იზიდავს, ბუნებრივია, ესეც არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და ეს არის ე.წ. „პრი სეილები”, წინასწარი გაყიდვები, აქედანაც შემოდის თანხები, სამი ძირითადი წყაროა, საიდანაც ხდება ამ 6.6 მლრდ დოლარის აკუმულირება, თუმცა ეს არსებითად კომპანიის საქმეა.

ჩვენთვის მთავარი რა არის – დივიდენდი არის დათვლილი, ჩვენი წილი არის 33.3%, ვიცით, რომ ველოდებით 2 მლრდ ლარის მოგებას ამ ყველაფრიდან, ვიცით, რამდენს ველოდებით გადასახადების სახით და ეს ქმნის მთლიანად ამ პროექტის ეკონომიკას.

ნებისმიერ ადამიანს, ეკონომისტს, ფინანსისტს შეუძლია ნახოს ამ პროექტის ეკონომიკა და ძალიან მარტივად შეუძლია, განსაჯოს, რამდენად არის სათანადოდ წამოღებული მოგება სახელმწიფოს მხარეს ამ პროექტიდან. მე შემიძლია, მოგცეთ პირობა, რომ მაქსიმუმი წამოვიღეთ, რისი წამოღებაც ჩვენ შეგვეძლო დივიდენდის, თუ ნებისმიერი სხვა მოგების სახით. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ცხადი და ნათელია. სახელმწიფომ მაქსიმუმის წამოღება შეძლო. კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ეკონომიკის სამინისტროს გუნდს, სამინისტროს ხელმძღვანელობას შედეგისთვის,”- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები