“პატარა ერი როცა თვითმყოფადობას კარგავს, განულებულია სახელმწიფოებრიობის პერსპექტივა; შეიძლება, გადაითქვიფო მსოფლიო არენაზე, მაგრამ ეროვნული პრინციპები უნდა იყოს დაცული” – ვოლსკი

“პატარა ერი როცა თვითმყოფადობას კარგავს, განულებულია სახელმწიფოებრიობის პერსპექტივა. შეიძლება, გადაითქვიფო მსოფლიო არენაზე, მაგრამ ეროვნული პრინციპები უნდა იყოს დაცული. მით უმეტეს, თუ ეს ეხება ბავშვებს, მომავალ თაობას, თუ აზიანებს საზოგადოებას, ქმნის დაპირისპირების, დაძაბულობის სფეროებს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის ქვეყნებში ოფიციალურად დაშვებულია პარტნიორობა ერთნაისქესიანთა შორის და ქორწინებაც.

” არსებობს მხოლოდ ოთხი ქვეყანა, რომელშიც არ არის დაშვებული. ამ ოთხი ქვეყნიდან ერთ-ერთს, პოლონეთს მიუთითებენ, რომ პოლონელი მოქალაქეები, ორი მამაკაცი თუ დაქორწინდება სხვა ქვეყანაში, სადაც დაშვებულია, პოლონეთი ვალდებულია, გაითვალისწინოს ეს. ვალდებულია, სოციალური თუ პოლიტიკური შეღავათები დაუშვას, თუ სხვა ქვეყანაში დაქორწინებული ადამიანი შევა ვარშავაში. ანუ, პოლონეთი დღემდე თუ თავს იცავდა იმით, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე კანონი არ ჰქონდა, მომავალში პოლონეთი, ისევე როგორც სხვა ქვეყანა, ვალდებული იქნება, ცნოს ერთნაირსქესიანთა წყვილი. სამართლებრივად რა ასპექტში შეიძლება ეს იქნას გამოყენებული, კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ მთავარია, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ეს უნდა იყოს ევროკავშირის პოლიტიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სანქციას ექვემდებარება. უკვე ფაქტია, რაც ხდება. საქართველოში აღნიშნული საკითხი მარტო ემოციურად კი არ უნდა განვიხილოთ, ეს არის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პატარა ერი როცა თვითმყოფადობას კარგავს, განულებულია სახელმწიფოებრიობის პერსპექტივა. შეიძლება, გადაითქვიფო მსოფლიო არენაზე, მაგრამ ეროვნული პრინციპები უნდა იყოს დაცული. მით უმეტეს, თუ ეს ეხება ბავშვებს, მომავალ თაობას, თუ ეს აზიანებს საზოგადოებას, ქმნის დაპირისპირების, დაძაბულობის სფეროებს, ეს უნდა განვიხილოთ ემოციურადაც, პრაგმატულადაც და ეროვნული უსაფრთხოების რაკურსში. ამის თაობაზე ჩვენი განცხადება გაძლიერებულია შესაბამისი კანონმდებლობით. კანონმდებლობა დასჭირდა იმ საფრთხის თავიდან არიდებას, რომელიც ჩვენს ბავშვებს ემუქრება. ეს არ არის ადამიანის უფლების დარღვევა, ეს არის დაცვა პროპაგანდისაგან, რომელიც ასე ძალოვნად და პოლიტიკური მიზნით ხორციელდება არა მარტო ევროპულ სივრცეში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები